ალერგიული რინიტი
ალერგიული რინიტი - ეს არის ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება. ალერგიული რინიტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმის უკვე სენსიბილიზებული იმუნური სისტემა მომატებულად რეაგირებს გარემოში გავრცელებულ იმ ალერგენებზე (ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარეული მტვერი, ცხოველთა ეპითელიუმი და ა.შ), რომელიც, როგორც წესი, მოსახლეობის უმრავლესობისთვის უვნებელია. ალერგიული რინიტს შესაძლოა თან ახლდეს კონიუნქტივიტი ( თვალის ალერგიული ანთება)
ალერგიული რინიტი მსოფლიოში 400 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება. ის შესაძლებელია გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა, უხშირესად, პირველი სიმპტომები ვითარდება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ გენეტიკური განწყობა, ბრონქული ასთმა და ატოპური დერმატიტი.
ალერგიული რინიტის სიმპტომებია: მრავალჯერადი ცემინება, ცხვირიდან წყლისებური გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, რომელსაც ხშირად თან ერთვის თვალების, ცხვირის და სასის ქავილი, თვალების სიწითლე, ცრემლდენა, ძილის დარღვევა, სპაზმური ხველა და, ზოგ შემთხვევაში, მსტვინავი სუნთქვა და ბრონქოსპაზმი (ბრონქების სანათურის შევიწროება, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ხველა, მსტვინავი სუნთქვა და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში)
ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზი კარშიდა და კარგარეთა საინჰალაციო ალერგენებია.
კარგარეთა ალერგენებია: ადრე და გვიან მოყვავილე ხეების, ბალახების/მარცვლოვნების, სარეველა მცენარეთა მტვერი, ასევე - სოკოს სპორები.
კარშიდა ალერგენებია: ოთახის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ეპითელიუმი.
კარგარეთა ალერგენები იწვევს სეზონურ ალერგიულ რინიტს, რომლის დროსაც პაციენტს რინიტის სიმპტომები აღენიშნება არა მუდმივად, არამედ წლის მხოლოდ გარკვეულ პერიოდში და ემთხვევა მცენარის ყვავილობის დროს ან სოკოს სპორების გავრცელების პერიოდს.
კარშიდა ალერგენები იწვევს პერინეალურ (წლის მანძილზე მუდმივად მიმდინარე) რინიტს, რომლის დროსაც რინიტის სიმპტომები პაციენტს აღენიშნება მთელი წელი, ოთახის მტვრის ტკიპების ან/და შინაური ცხოველების ეპითელიუმის მუდმივი ზემოქმედების გამო.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
მცენარეული საფარი ყვავილობას იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იწყებს და ეს გრძელდება ოქტომბრის მიწურულამდე. პირველი ადრე მოყვავილე ხე-მცენარეები საქართველოში თხილი, მურყანი, თელა და კვიპაროსია, რომლის შემდეგაც ყვავილობას იწყებს ალვის ხე და ნეკერჩხალი. აპრილის დასაწყისიდან ჰაერში გვხვდება ჭადრის მტვრის მარცვლები, ამ პერიოდში ყველაზე საყურადღებო და მაღალი ალერგიული თვისებების მქონე მცენარე ბალახები/მარცვლოვნებია, რომლებიც ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებამდე.
აგვისტოდან ოქტომბრამდე ყვავილობს სარეველა მცენარეები, რომელთაგან ამბროზია და ავშანი ძლიერი ალერგიული რეაქციის გამოწვევის უნარით ხასიათდებიან.
საყურადღებოა, რომ სეზონური ალერგიის სიმპტომები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ტემპერატურის ცვალებადობის დროს, როდესაც დღე ცხელი და მზიანია, ხოლო ღამე - გრილი, ასევე-ქარიანი ამინდის დროს.
ხემცენარეთა სახეობები და მათი ყვავილობის პიკური პერიოდები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. არსებობს მცენარეული მტვრის გავრცელების ლოკალური კალენდარი როგორც საქართველოში, ისე-საზღვარგარეთ. სეზონური ალერგიის მქონე პაციენტი უნდა გაეცნოს ამ კალენდარს მოგზაურობის ან შვებულების დაგეგმვისას.
ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია კანის სინჯების ჩატარება. კანის სინჯების ჩატარების დროს ოთახის მტვრის ტკიპების, მცენარის მტვრის, სოკოს სპორების, შინაური ცხოველის ალერგენის წვეთის სახით მოთავსება ხდება პაციენტის კანზე, უშუალოდ -წინამხარზე. პროცედურა ძალიან მარტივია, უმტკივნეულო, კვლევაზე პასუხის მიღება ხდება ტესტის ჩატარებიდან 15 წთ-ში კანზე სიწითლისა და პაპულის (კანზე ამოწეული წითელი უბნის) გაზომვით.
რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები კანის სინჯის ჩატარებამდე 3-7 დღის განმავლობაში.
ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა შესაძლებელია პაციენტის ვენური სისხლითაც. ანალიზის გაკეთება დასაშვებია ანტიალერგიული საშუალებებით მკურნალობის პროცესშიც.
მხოლოდ ექიმს შეუძლია დაგისვათ სწორი დიაგნოზი.
ალერგიული რინიტის მაპროვოცირებელი კარშიდა/კარგარეთა საინჰალაციო ალერგენების იდენტიფიკაციის შემდეგ, სასურველია, შეძლებისდაგვარად, შეიზღუდოს მათი ექსპოზიცია.
რეკომენდაციები სეზონური ალერგიის დროს:
- დაკეტეთ ფანჯრები სახლსა და მანქანაში, ჩართეთ კონდიციონერი;
- ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია დილის 10 სთ-დან შუადღის 4 სთ-მდე, ამ პერიოდში მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად - ვარჯიშს. ვარჯიშის დროს ადამიანი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და, შესაბამისად, ალერგიის გამომწვევი მცენარის მტვრის მეტი ნაწილაკი მოხვდება სასუნთქ სისტემაში;
- იყავით შენობაში, განსაკუთრებით - ქარიან ამინდში;
- მოერიდეთ ტანსაცმლის გარეთ გაშრობას ქარიან ამინდში;
- სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, რომ ჩამოირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი;
რეკომენდაციები ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ალერგიის დროს:
ოთახის მტვრის ტკიპები თვალისათვის უხილავია, ისინი გვხვდება საწოლში, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ტანსაცმელზე და, ზოგადად ყველგან, სადაც არსებობს მტვრის დაგროვების ტენდენცია. მტვრის ტკიპები საკმაოდ გამძლე და სიცოცხლისუნარიანები არიან, ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მათი მოშორება არ არის ადვილი.
- რეგულარულად გარეცხეთ თეთრეული 60°C-ზე, რადგან მტვრის ტკიპები ვერ უძლებენ ძალიან მაღალ ტემპერატურას;
- გამოიყენეთ ანტიალერგიული ლეიბები და ლეიბის გადასაკრავები;
- თავი აარიდეთ ბუმბულის ბალიშებსა და საბნებს;
- ჩაანაცვლეთ ხალიჩები მაგარი იატაკით, როგორიცაა ლამინატის იატაკი ან ფილა. თუ ხალიჩების მოშორება შეუძლებელია, მაშინ ეცადეთ კვირაში მინიმუმ ორჯერ ან სამჯერ რეგულარულად გაწმინდოთ ჰეპაფილტრიანი მტვერსასრუტით;
- ცხოვრების იდეალური პირობები მტვრის ტკიპებისთვის 24°C და 27°C-ია, ტენიანობა კი, დაახლოებით, 70%-დან 80%-მდე, ამიტომ სასურველია, სახლში ტემპერატურა არ აღემატებოდეს 21°C, ხოლო ტენიანობა სახლსა და საძინებელში იყოს 50% -ზე ნაკლები.
რეკომენდაციები შინაური ცხოველების ეპითელიუმის მიმართ ალერგიის დროს:
- შინაური ცხოველების ეპითელიუმზე ალერგიის დროს არ არის სასურველი მათი სახლში გაჩერება, თუმცა, თუ მათგან განრიდება შეუძლებელია, რეკომენდებულია არ შეუშვათ საძინებელ ოთახში;
- სახლი რეგულარულად წმინდეთ ჰეპაფილტრიანი მტვერსასრუტით;
- სახლი კარგად გაანიავეთ ძილის წინ;
- შინაური ცხოველი აბანავეთ რეგულარულად,;
- შინაურ ცხოველს მეტი დრო მიეცით ღია სივრცეში დროის გასატარებლად.
რეკომენდაციები ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებისთვის კურორტზე დასასვენებლად გამგზავრების წინ:
- ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ალერგიის დროს უმჯობესია არჩევანი მთის კურორტებზე შევაჩეროთ, როგორიცაა ბაკურიანი, წაღვერი, ცემი, ბახმარო, შოვი, სტეფანწმინდა, მესტია და სხვ. ზღვის დონიდან 1200 - 1500 მეტრის სიმაღლეზე მტვრის ტკიპები ვერ ცოცხლობენ და მათი ზემოქმედება მინიმალურია, ასევე საყურადღებოა, რომ მაღალ მთაში ჰაერი მშრალი და ტენიანობა დაბალია;
- ოთახის მტვრის ტკიპებს ლეიბებში, საბნებში, ხალიჩებსა და სხვა სახლის ნივთებზე 6 კვირამდე შეუძლიათ არსებობა, ამიტომ დახურული კოტეჯები და სახლები დალაგებისას სასურველია კარგად განიავდეს და დასუფთავდეს;
- მცენარეული მტვრის მიმართ ალერგიულმა პაციენტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება მცენარეთა მტვრის გავრცელების კალენარს, რადგან მთაში ბართან შედარებით მცენარეთა ყვავილობა 2-3 კვირის დაგვიანებით იწყება;
- სასურველია მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტებმა ზღვის კურორტს მიანიჭონ უპირატესობა, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ მცენარეულ ალერგენებს.
ალერგიული რინიტის სამკურნლოდ ექიმი პაციენტს უნიშნავს მის სიმპტომებზე მორგებულ მკურნალობას სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებით.
ანტიჰისტამინური პრეპარატები ( ტაბლეტები): ინიშნება როგორც სეზონური, ისე- პერინეალური რინიტის სამკურნალოდ. ახალი თაობის პრეპარატებს, ძველისაგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ აღენიშნება ძილიანობის გამომწვევი ეფექტი, ამიტომ კომფორტულია პაციენტისთვის მისაღებად როგორც მანქანის მართვის დროს, ისე - დილის საათებში სამსახურში ან სკოლაში ყოფნისას.
ინტრანაზალური ანტიჰისტამინები: ცხვირის ანტიალერგიული სპრეებია, რომლებიც განიხილება, როგორც დასალევი ანტიჰისტამინების ალტერნატივად ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.
ინტრანაზალური სტეროიდები: ადგილობრივად ცხვირში ჩასაწვეთებელი ჰორმონებია, რომლებიც ძალიან ეფექტიანია ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. ამ ჯგუფის პრეპარატების სისტემური ზემოქმედება მინიმალურია, ხსნის ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, გაჭედილობას. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტის ეფექტიანობა და სიმპტომებზე სრული კონტროლი ვლინდება რეგულარული გამოყენებიდან რამდენიმე დღეში.
დეკონგესტანტები: ანუ ცხვირის გამხსნელები გამოიყენება ცხვირის გაჭედვის მომენტალური მოხსნისა და ცხვირის ლორწოვანის შეშუპების შესამცირებლად. ამ ჯგუფის პრეპარატების 5-7 დღეზე მეტი ხნით გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ვითარდება მათზე დამოკიდებულება, რაც იწვევს „მედიკამენტური რინიტის“ განვითარებას. (ნაზალური ობსტრუქცია, რომელიც ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებითაა განპირობებული)
ანტილეიკოტრიენები: გამოიყენება ალერგიული რინიტის სამკურნალოდ (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ახასიათებს ზემოთხსენებული ჯგუფების მედიკამენტების მიმართ აუტანლობა ან მათი გამოყენება პაციენტში უშედეგოა) ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან კომბინაციაში, (გაიცემა რეცეპტით)
ინტრანაზალური ანტიჰისტამინები: ცხვირის ანტიალერგიული სპრეებია, რომლებიც განიხილება, როგორც დასალევი ანტიჰისტამინების ალტერნატივად ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.
სპეციფიკური იმუნოთერაპია: სპეციფიკური იმუნოთერაპია გულისხმობს ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის (მაგ. ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარეული მტვერი) მზარდი დოზით ორგანიზმში შეყვანას ინექციის ან დასალევი წვეთების/ტაბლეტების სახით და ამ გზით მათ მიმართ შეგუების გამომუშავებას.
სპეციფიკური იმუნოთერაპია: ინიშნება, როდესაც ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის ელიმინაცია (მოშორება) ვერ ხერხდება, ასევე, როცა სიმპტომები პროგრესირებს და მედიკამენტური მკურნალობა არ არის ბოლომდე ეფექტიანი.
სპეციფიკური იმუნოთერაპია ინიშნება ალერგოლოგის მიერ, ტარდება მხოლოდ სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ კლინიკაში ამ მიმართულებით ტრენირებული სამედიცინო პერსონალის მიერ.
მხოლოდ ექიმს შეუძლია დაგისვათ სწორი დიაგნოზი. გთხოვთ, ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.