Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ურტიკარია

    ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება, აღენიშნება მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. ახასიათებს ძლიერი ქავილი და  გამონაყარი. 

    ელემენტები ძირითადად არის მრგვალი, ოვალური ან ბეჭდისებური და  ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ზოგჯერ წითელი ხაზების მსგავსია, თუ კანი ინტენსიურად არის მონაფხანი. ურტიკარიული გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე - სახეზე, სხეულსა და კიდურებზე. მიუხედავად დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისა, თითოეული ელემენტი თავისით ლაგდება  უკვალოდ 24 საათის განმავლობაში. უხშირესად, ურტიკარია გამოწვეულია  საკვების ან მედიკამენტების მიმართ ალერგიით, თუმცა, მიზეზი შესაძლოა იყო სხვა ისეთი  ფაქტორებიც, როგორიცაა : ინფექცია, პარაზიტები, ფიზიკური ფაქტორები, სიცივე ან სითბო. ვლინდება მოულოდნელად და შეიძლება მოიცვას სხეულის ნებისმიერი უბანი.  სხვადასხვა ფორმის გამონაყარი კანის ზედაპირიდან ამოწეულია, ახასიათებს ძლიერი ქავილი. ელემენტები უხშირესად ზომით  1-2 სმ-ია, შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის. რაოდენობაც განსხვავებულია - ერთეული ელემენტიდან მრავლობითამდე, რომელმაც შესაძლოა მთელი სხეული მოიცვას. ზოგჯერ ელემენტები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ერთდება და ქმნის უფრო დიდ ურტიკარიული ელემენტს. გამონაყარის ფორმაც განსხვავებულია, უხშირესად მრგვალი. გამონაყარის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თვე, ხოლო თითოეული ელემენტი, როგორც წესი, რჩება  1 დღე, თუმცა ხშირად ქრება რამდენიმე საათშიც. ურტიკარიული ელემენტების ალაგების შემდეგ ზოგჯერ რჩება კანის სიწითლე, რომელიც ნელ-ნელა ფერმკრთალდება.

    ურტიკარია შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. 

    მწვავე ურტიკარია

    გამონაყარი, კანის შეშუპება (ანგიოედემა) ან ორივე ერთად გამოხატულია 6 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში. ყოველი 6 ადამიანიდან დაახლოებით ერთს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აღენიშნება მწვავე ურტიკარია. ის შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ზოგიერთ ადამიანს აქვს მწვავე ურტიკარიის განმეორებითი (მორეციდივე) ეპიზოდები.

    ქრონიკული ურტიკარია (ნიშნავს პერსისტიულს ან ხანგრძლივს) 

    გამონაყარი გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს.  ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი მრავალია და მკურნალობა - ხშირად გაძნელებული. 

    ქრონიკული ურტიკარიის ქვეტიპები

    ინდუციბელური ურტიკარია

    გამონაყარის/ანგიოედემის განმეორებითი განვითარება ერთი და იგივე ტრიგერის (სპეციფიური გამომწვევის) მოქმედებით.

     მისი ტიპებია:

    • დერმოგრაფიული ურტიკარია
    • სიცივით განპირობებული ურტიკარია
    • ზეწოლით განპირობებული ურტიკარია
    • მზისმიერი ურტიკარია
    • მაღალი ტემპერატურით განპირობებული ურტიკარია
    • ქოლინერგული ურტიკარია
    • კონტაქტური ურტიკარია
    • წყლისმიერი ურტიკარია

    დერმოგრაფიული ურტიკარია (კანზე წერა). გამონაყარი ვითარდება კანის გახაზვის ან გაკაწრის ადგილას. ურტიკარიული ელემენტები ხაზისებურია და იმეორებს ნაფხაჭნის რელიეფს, ელემენტი კანზე დაახლოებით 1 საათამდე რჩება.

    სიცივით განპირობებული ურტიკარია: იწვევს სიცივე, წვიმა, ქარი ან ცივი წყალი. სხეულის ღია უბნებზე სიცივის ზემოქმედებისას ვითარდება ურტიკარიული გამონაყარი და ახლავს ქავილი. განსაკურებით სახიფათოა  ცივ წყალში ცურვა და სიცივის ურტიკარიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია მსგავსი სპორტისგან თავის შეკავება. დიაგნოზის გათვალისწინება აუცილებელია ქირურგიული მანიპულაციების წინ. (ოპერაციის მსვლელობისას ქირურგები იყენებ ცივ ქირურგიულ იარაღებს, ასევე გარკვეულ ხსნარებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. შესაძლებელია ჩატარდეს ტემპერატურული ტესტი და განისაზღვროს თუ კონკრეტულად რა ტემპერატურაზე უვითარდება პაციენტს ალერგიული რეაქცია)

    მაღალი ტემპერატურით განპირობებული ურტიკარის დროს გამონაყარს იწვევს მაღალი ტემპერატურა - ცხელი წყალი ან ჰაერის გამათბობელი.

    მზისმიერი ურტიკარია იშვიათია, კანის სიწითლე, ქავილი და გამონაყარი ვითარდება მზის სხივების კანზე ზემოქმედების შედეგად.

    წყლისმიერი ურტიკარია ძალიან იშვიათია, ურტიკარიული ელემენტები ჩნდება კანის წყალთან კონტაქტის შემდეგ.

    ზეწოლით განპირობებული ურტიკარია ვითარდება კანის იმ უბანზე, სადაც ხდება  ვიწრო ტანსაცმლის ან ქამრის ზეწოლა. გამონაყარი ჩნდება რამდენიმე საათის შემდეგ. როგორც წესი, იმ პირებს, ვისაც აქვთ ზეწოლით განპირობებული ურტიკარია, აღენიშნებათ სხვა ტიპის ურტიკარიაც.

    ქოლინერგული ურტიკარია ვითარდება ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ცხარე საკვების მიღებისას ძლიერი გაოფლიანების შემდეგ. გამონაყარი ჩნდება რამდენიმე წუთში და გრძელდება 1 საათამდე. 

    კონტაქტური ურტიკარია ვლინდება სხვასხხვა ქიმიკატებთან, საკვებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ხშირი გამომწვევია ციტრუსი, ლატექსი (რეზინის ხელთათმანში შემავალი კომპონენტი), კატასთან ან ძაღლთან კონტაქტი.

    ამ მასალის შინაარსზე დაყრდნობით არ შეიძლება საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა და ის არც ექიმის მიერ დაავადების დიაგნოსტირების შემცვლელია. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მიმართეთ ექიმს. მხოლოდ ინდივიდუალური გამოკვლევებით შეუძლია ექიმს გამოიტანოს დასკვნა დიაგნოზისა და მკურნალობის თაობაზე.

    ურტიკარიას მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტორი იწვევს, ზოგჯერ მაპროვოცირებული ფაქტორი ინფექციაა, ჩვეულებრივი გაციებაც კი, ან მცენარეებთან კონტაქტი, მზის სხივები, გარკვეული საკვები, მედიკამენტები. ჩვილებში ურტიკარიის ყველაზე ხშირი მიზეზი ძროხის რძისადმი ალერგიაა.

    კვებითი ალერგია: ურტიკარიას ყველაზე ხშირად იწვევს შემდეგი კვებითი ალერგენები: ძროხის რძე, კვერცხი, მიწის თხილი (არაქისი), ზოგადად თხილი,  ხორბალი, სოიო, თევზი,  ვაშლი, მარწყვი, ციტრუსი,  საკვები დანამატები, სუნელები, შოკოლადი ან ზღვის პროდუქტები.  

    მწერის ნაკბენის მიმართ ალერგია: მწერებიდან ალერგიის ყველაზე ხშირი გამომწვევია  ფუტკრისა და  კრაზანის ნაკბენი.

    ალერგია მედიკამენტების მიმართ: როგორიცაა ანტიბიოტიკები, ტკივილის გამაყუჩებლები და სხვა.

    დიაგნოსტიკის პირველი ნაბიჯი ყველა პაციენტში  არის ანამნეზის კარგად   შეგროვება, კერძოდ: 

    • დაავადების დაწყების დრო
    • ურტიკარიული ელემენტების ფორმა, ზომა, სიხშირე/ხანგრძლივობა და განაწილება
    • კავშირი ანგიოედემასთან
    • სხვა სიმპტომებთან ასოცირება, მაგალითად ძვლის/სახსრის ტკივილი, ცხელება, მუცლის კოლიკა
    • ოჯახური და პირადი ისტორია ურტიკარიასთან, ანგიოედემასთან დაკავშირებით
    • ფიზიკურ აგენტებთან ან ვარჯიშთან კავშირი
    • გამონაყარის კავშირი დღის გარკვეულ დროსთან,  შაბათ-კვირასთან, მენსტრუალურ ციკლთან,  არდადეგებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობასთან
    • გამონაყარის კავშირი საკვებთან ან მედიკამენტებთან 
    • გამონაყარის დაწყება ინფექციის, სტრესის დროს
    • წინა ან ამჟამინდელი ალერგია, ინფექცია, შინაგანი/აუტოიმუნური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან სხვა დაავადებები
    • სოციალური და პროფესიული ანამნეზი, თავისუფალი დროის აქტივობები
    • წინა მკურნალობა და შედეგი მკურნალობაზე, სამკურნალო მედიკამენტების დოზირება და ხანგრძლივობა 
    • წინა დიაგნოსტიკური პროცედურები/შედეგები

    მეორე ეტაპი არის ფიზიკალური გამოკვლევა და ასევე შესაძლოა ჩატარდეს დიაგონისტიკური ტესტები

    მხოლოდ ექიმს შეუძლია ზუსტი დიაგნოზის დასმა

    ამ მასალის შინაარსზე დაყრდნობით არ შეიძლება საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა და ის არც ექიმის მიერ დაავადების დიაგნოსტირების შემცვლელია. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მიმართეთ ექიმს. მხოლოდ ინდივიდუალური გამოკვლევებით შეუძლია ექიმს გამოიტანოს დასკვნა დიაგნოზისა და მკურნალობის თაობაზე.  

     

    • გამომწვევი მიზეზის ამოცნობა და  მოშორება 
    •  მასტიმულირებელი ფაქტორისთვის თავის არიდება, 
    • სიმპტომური მკურნალობა 
    •  სპეციფიური მედიკამენტების გამოყენება. 

    სამკურნალო საშუალებების ძირითადი მიზანია სიმპტომების შემცირება. ბევრი სიმპტომი ურტიკარიის დროს გამოწვეულია ძირითადად ნივთიერება ჰისტამინის ზემოქმედებით. ამდენად, გახანგრძლივებული (მუდმივი) მკურნალობა ურტიკარიის დროს H1 ანტიჰისტამინური მედიკამენტებით მნიშვნელოვანია. ქრონიკული ურტიკარიის დროს, ანტიჰისტამინური მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება გამართლებულია არა მარტო კვლევებით, არამედ - მათი მოქმედების მექანიზმით. 

    ანტიჰისტამინური მედიკამენტები  ურტიკარიის მკურნალობაში გამოიყენება 1950 წლიდან. პირველი თაობის ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს აქვს ანტიქოლინერგული და სედაციური (მომადუნებელი, დამაძინებელი) გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს გრძელდება მაშინ, როცა ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი მხოლოდ 4-6 საათიანია. ასევე აღინიშნება ურთიერთქმედება ალკოჰოლთან და ცნს-ზე მოქმედ მედიკამენტებთან, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები, საძილე და სხვა საშუალებები. ასევე პირველი თაობის ანტიჰისტამინები გავლენას ახდენს ძილის ფაზებზე (REM)   და მოქმედებს სწავლისა და შრომის უნარზე. ბოლო მკაცრი რეკომენდაციებითა და გაიდლაინებით პირველი თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტების გამოყენება ალერგოლოგიაში მიზანშეწონილი არ არის არც მოზრდილებში და არც ბავშვებში. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები. 

    მეორე თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტებს არ აქვთ ძილის ეფექტი და ხასიათდებაინ უკეთესი უსაფრთხოებისა და ასატანობის პროფილით პირველი თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებთან შედარებით. 

    სხვა სამკურნალო საშუალებები იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ანტიჰისტამინებით მკურნალობას არ ექვემდებარებიან: 

    ახალი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც ქრონიკული ურტიკარიით დაავადებული პაციენტების ალტერნატიული სამკურნალო საშუალება ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია.  მაგ. მონოკლონური ანტისხეულები ( ერთ ერთი უკვე გამოიყენება), თიროზინის კინაზას ინჰიბიტორი და სხვები

    მხოლოდ ექიმს შეუძლია დაგისვათ სწორი დიაგნოზი.

    გთხოვთ, ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.